დღეს გერმანიისა და ევროკავშირის ლიდერები, ასევე, საერთაშორისო ექსპერტები ბერლინში კონფერენციაზე შეიკრიბნენ - სიტყვით გამოსვლის დროს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენისთვის მუშაობას იწყებენ და ამას "21-ე საუკუნის მარშალის გეგმა" უწოდა.
შოლცის თქმით, უნდა განიხილონ, როგორ უზრუნველყონ და შეინარჩუნონ უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის დაფინანსება მომდვენო წლების განმავლობაში.
"ჩვენ ვიცით, რომ არცერთი ქვეყნის ისტორია არ არის მსგავსი, მაგრამ ჩვენი ისტორიული გამოცდილებით, ასევე, ვიცით, რომ რეკონსტრუქცია ყოველთვის შესაძლებელია და ამ ამოცანის გადაჭრა არასდროს არის ნაადრევი", - თქვა მან.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის აღდგენა და მოდერნიზაცია თაობებისთვის არა მხოლოდ გამოწვევა, შესაძლებლობაც იქნება - გერმანიის კანცლერი მიუთითებს, რომ ყურადღება უნდა გაამახვილონ საკითხებზე, რასაც შეუძლია უკრაინა მეტად გააძლიეროს და განიხილონ როგორი შეიძლება იყოს გამჭვირვალე, ეფექტური და ინკლუზიური მმართველობის ფორმა.
კონფერენციაზე ისაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც და აღნიშნა, რომ ევროკავშირი 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.